გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

След

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეების რაოდენობა 99 974 ადამიანია. მათ შორის 80 351 პირი საქართველოს მოქალაქეა.
ემიგრაციის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად საგანგაშოდ იზრდება. მაგალითად, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოქთხოვნის განცხადებების რაოდენობა 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 68%-ით გაიზარდა და 14 970 შეადგინა.
კიდევ უფრო შემაშფოთებელია საქართველოდან ამერიკაში ემიგრაციის მსურველთა რაოდენობა. ქართველების ნაკადი არ წყდება ამერიკა-მექსიკის საზღვარზე, რომლის არალეგალურად გადაკვეთა ძალიან მაღალ რისკებს უკავშირდება.
ეს მძიმე სურათი კიდევ უფრო მძიმდება, თუ წარმოვიდგენთ, რომ უცხო ქვეყანაში წასვლის მსურველთა შორის შესაძლოა იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც თავისი განათლებით, გამოცდილებით, ნიჭით სამშლობლოსთვის დიდი საქმეების კეთება შეუძლიათ, მაგრამ ვინაიდან საკუთარი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ამ შესაძლებლობების რეალიზებას, ისინი იძულებულნი ხდებიან უცხო ქვეყნისთვის დაიხარჯონ.
ასეთები კი სამწუხაროდ მრავლად გვყავს. თუნდაც ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძე) გახსენება რად ღირს - ამერიკაში გასული საუკუნის პირველი ქართველი მულტიმილიონერის, რომლის სახელა 70-მდე უნიკალური გამოგონება უკავშირდება.
ეს არის ადამიანი, რომელმაც, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ნაძვის ხის სათამაშოების წარმოებით, ამერიკელებს „შობა აჩუქა“.
საქართველოდან ემიგრირებულები მნიშვნელოვან კვალს ტოვებენ არამხოლოდ გამოგონებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, არამედ ხელოვნებაში, ჯანდაცვაში, სპორტში... ეს კი იმ დროს, როდესაც საკუთარ ქვეყანას ისინი ყველაზე მეტად სჭირდება.
ორგანიზაცია „დაბრუნება მომავლისთვის“ უცხოეთში წასული ჩვენი იმ თანამემამულეების შესახებ აგროვებს ცნობებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი მისია შეასრულეს მიმღები ქვეყნების ინტელექტუალური დოვლათის შექმნაში. ამ რუბრიკის მიზანია - მათ მიერ მსოფლიოში დატოვებული კვალი არ დაიკარგოს ქართველებისთვის. დიახ, ქართველებისთვის, რადგან მათ ყველაზე ნაკლებად შეიძლება სწორედაც რომ საკუთარ სამშობლოში იცნობდნენ.