გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მულტიმილიონერი ქართველი პარფიუმერი ამერიკაში

პარფიუმერიის ბიზნესი მილიარდებს ითვლის. ამ დროისთვის, პირველ-მეორე ადგილს, საფრანგეთთან ერთად, აშშ იყოფს. არადა, მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე ამერიკაში ადგილობრივი პარფიუმის წარმოებაც კი არ ხდებოდა. შემდეგ ამერიკაში ერთი ქართველი ჩავიდა…

ამერიკული ძვირადღირებული პარფიუმერიის სათავეებთან გიორგი მაჩაბელი დგას [1885-1935]. იგივე პრინცი მაჩაბელი, როგორც მას ამერიკაში ეძახდნენ. ის 1885 წელს, 23 ივლისს, თბილისში დაიბადა. მამამისი, იურისტი ვასილ მაჩაბელი ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ივანე მაჩაბლის უფროსი ძმა იყო.

განათლება

გიორგი მაჩაბელმა უმაღესი განათლება ბერლინში, დღევანდელი ჰუმბოლტის უნივერსიტეტში მიიღო, მაშინ მას ფრედერიკ ვილიამის სახელობის ბერლინის სამეფო უნივერსიტეტს უწოდებდნენ და იქ უმაღლეს განათლებას ძირითადად არისტოკრატია ეუფლებოდა. გიორგი პროფესიით მარკშრეიდერი გახდა, თუმცა სწავლის პროცესში ქიმიაში შეძენილმა ცოდნამ  იგი მოგვიანებით სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა.

პირველი პარფიუმი

ბერლინში სწავლის პერიოდში მაჩაბელი აქტიურად ჩაერთო საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში. რამდენიმე ქართველთან ერთად ჩამოაყალიბა ორგანიზაცია, საქართველოს გათავისუფლების კომიტეტი და ჯერ კიდევ რუსეთს იმპერიის დაცემამდე აქტიურად ამუშავებდა საქართველოში მონარქიის აღდგენის იდეას. ამ მიზნით, აქტიურად ცდილობდა გერმანული ძალების მხარდაჭერის მოპოვებას. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთ წვეულებაზე მან გაიცნო ქალბატონი. გიორგი მაჩაბელმა მას უთხრა, რომ ზედმიწევნით ზუსტად ამახსოვრდებოდა სურნელი. ქალბატონმა ის გამოიწვია და გამოცდის მიზნით, მაჩაბელს ის პარფიუმი უნდა შეექმნა, რაც ფროილაინს იმ საღამოს ეკეთა. ამ ქალის გულის მოგების მიზნით, მაჩაბელმა სურნელით გაჟღენთილი ნაქარგი ხელთათმანი გამოართვა და რამოდენიმე დღეში დუბლირებული პარფიუმით დაბრუნდა. გიორგი მაჩაბელს კარგი ყნოსვა ქონდა, მაგრამ საქმის უცოდინარი იყო და ტექნოლოგიური პროცესის წარმართვისათვის დახმარება ქიმიის პროფესორს სთხოვა. ასე დაამზადა პირველი პარფიუმი, ექსკლუზიურად თავისი მეგობარი გოგოსთვის. წარმოების პროცესში თავადი მაჩაბელი ჩაითრია ქიმიის ამ მიმართულებამ და კლასგარეშედ შეისწავლა ეთერზეთების წარმოება-შეზავების საქმე.

პირველი კარიერული ნაბიჯები

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იგი უმალვე აღმოჩნდა სახელმწიფო სამსახურში. ამ პერიოდისათვის საქართველო უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და გიორგი მაჩაბელიც მისი სრულუფლებიანი ელჩი გახდა იტალიაში. აქ მან თავისი მომავალი მეუღლე, თეატრის ცნობილი მსახიობი ნორინა გილი გაიცნო და დაოჯახდა. შემდეგ კი… შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. 1921. გიორგი მაჩაბელი ემიგრაციაში გადავიდა ჯერ იტალიაში შემდეგ კი მალევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნორინა ამერიკელმა რეჟისორმა მიიწვია სპექტაკლში სათამაშოდ. აქ ყოფნისას მაჩაბელმა და მისმა მეუღლემ გახსნეს  ანტიკვარული ნივთების პირველი მაღაზია. გასაყიდად კი სწორედ რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრირებულების მიერ ჩამოტანილი ქონება გაჰქონდათ.

სარდაფში დაწყებული წარმოება

აქ პრინცმა გიორგი მაჩაბელმა, (სწორედ ასე ითარგმნება ინგლისურად მაჩაბლების თავადის წოდება) ისევ გაიხსენა სტუდენტობის პერიოდის გატაცება და გადაწყვიტა რომ პარფიუმერიის საცალო წარმოება უნდა დაეწყო. ეს არ იყო ფიზიკური გადარჩენის მიზნით მიღებული სასოწარკვეთილი გადაწყვეტილება; ნიუ-იორკის იმ ეპოქის ელიტა კარგად იცნობდა ემიგრირებულ ელიტას და გიორგი მაჩაბელიც, სწორედ ამ ნაცნობობის გამოყენებით გეგმავდა თავისი პროდუქციის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას. 1926 წლისათვის პრინცმა გიორგი მაჩაბელმა ისესხა ოთხი ათასი დოლარი და მეუღლესთან ერთად გახსნა „პრინცი მაჩაბლის პარფიუმის კომპანია.“ ეთერზეთები იქვე, მედისონ ავენიუს მაღაზიის სარდაფში მზადდებოდა, ნიუ იორკში. კომპანიამ მალევე გაითქვა სახელი, რისი მიზეზიც მხოლოდ სურნელი არ იყო. პრინცი მაჩაბლის პარფიუმის კომპანიას ხშირად სამეფო კომპანიად მოიხსენიებდნენ. საქმე ისაა, რომ ეთერზეთების ჩამოსხმაზე და შეფუთვაზე გიორგი მაჩაბელმა საქართველოდან და რუსეთიდან გამოქცეული თავადობა დაასაქმა. შესაბამისად მისი თითოეული ბოთლი სრულად პრინცებისა და პრინცესების მიერ იყო ჩამოსხმული, შეფუთული და მორთმეული მისი მფლობელისათვის.

The New Yorker – რას წერდა პრესა მასზე

აქვე უნდა ითქვას, რომ პრინცმა მაჩაბელმა, თავიდანვე სწორი მარკეტინგული სვლა გააკეთა და საგაზეთო სტატიებში მხოლოდ ისეთ და იმ ინფორმაციას უშვებდა, რაც მის კონცეფციას აწყობდა. ასე მაგალითად 1930 წლის ნიუ იორკერის ჟურნალი იუწყება შემდეგს:

„პრინცი მაჩაბელი მკაცრად აკონტროლებს, თუ სად გაიყიდება მისი პარფიუმი. მან რამდენიმე მაღაზიას უარი უთხრა მაჩაბლის პარფიუმის გაყიდვაზე იმიტომ, რომ იმ ადგილის სოციალური ტონი არ შეესაბამებოდა სტანდარტებს. როცა პრინცი მაჩაბელი ახალ ქალბატონს ხვდება, ის ხშირად ეუბნება მას რომ ქალბატონის პარფიუმი, რომელიც იმ დღეს უკეთია, არ აღწერს მას კარგი მხრიდან და თავისი პარფიუმის ერთ ფლაკონს უგზავნის. თუ ქალბატონი კვლავ ძველი სურნელით შეხვდება შემდეგ ჯერზე, მაშინ პრინცი მაჩაბელი ეტყვის ქალბატონს „თქვენ არ აღმოჩნდით ჩემი ერთგული.“ მისი ბიზნეს ბრუნვა წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტს ითვლის და, როგორც ამბობენ, სარდაფიდან უკვე დიდ ლაბორატორიაში გადავიდნენ ორმოცდამეთექვსმეტე ქუჩაზე. აქ უკვე მზადდება ტუჩსაცხები, ფერუმარილები, თვალის ჩრდილები და საპნები. მას არ ჰყავს გამყიდველი. ყოველ გაზაფხულსა და ზაფხულს ის თავად დაადგება გზას. პრინცი მაჩაბელი თავისი გარდენიით, პეპელათი და გალანტური ქცევით, და თავისი სავიზიტო ბარათით, რომელზეც საგვარეულო გერბის რელიეფია დატანილი, ის, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს თითოეულ მყიდველზე, რომელსაც მანამდე ნამდვილი, ასივე პროცენტით პრინცი ცხოვრებაში არ ენახათ.“ /The New Yorker, 1930, p.13/

გიორგი მაჩაბლის შესახებ წერდნენ, რომ პარფიუმის დამზადება მისი მშობლიური კულტურის ნაწილია და რომ მის სამშობლოში საქართველოში ყოველ დიდგვაროვან ოჯახს ჰქონდა ეთერზეთები, რომელიც სპეციალურად მათთვის მზადდებოდა. სწორედ ამ კონცეფციით ცდილობდა პრინცი მაჩაბელი ამერიკელი მომხმარებლის მოხიბვლას. იგი იმ დროის ცნობილი ქალბატონებისთვის ამზადებდა პერსონალურ სუნამოებს. ასე, მაგალითად, მაჩაბელმა შექმნა პარფიუმები გლორია სვანსონის, დოლორეს კოსტელოსათვის, ქალბატონ ჰართსისა და ვილსონებისათვის.

პირველი პრინცი მოქალაქე

1932 წელს ამერიკის მოქალაქეობაზე შეიტანა განცხადება, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები რესპუბლიკაა და არა მონარქია; ამდენად, პრინცი გიორგი მაჩაბელი იძულებული ხდებოდა თავის სტატუსს დამშვიდობებოდა. თუმცა, მან ერთგვარ ხსიკს მიმართა და ოფიციალურად მოითხოვა სახელის შეცვლა. შედეგად 1932 წლიდან მისი ოფიციალური ტიტული იყო: ბატონი პრინცი მაჩაბელი (Mr. Prince Matchabeli). შეიძლება ითქვას, გიორგი მაჩაბელი ამერიკის ისტორიაში პირველი ოფიციალური პრინცი მოქალაქეა.

ბრენდინგი – სახელდება

პრინცი მაჩაბლის ყოველი ახალი პარფიუმი განსაკუთრებულ სახელს ატარებდა. „პრინცესა ნორინა“, „ავე მარია“, თუმცა სახელის შერჩევაც განსაკუთრებული ფორმით ხდებოდა. მაგალითად 1934 წელს გამოვიდა იმ ეპოქაში  ერთ-ერთი ცნობილი მსახიობის გრეის მურისადმი მიძღვნილი პარფიუმი. საგაზეთო სტატიაში პრინცი მაჩაბელი ასე აღწერს ამ მოვლენას:

„მე პარფიუმს ვქმნი მხოლოდ მათთვის, ვინც სამეფო წარმომავლობისაა. მაგრამ ქალბატონი მური, ის ხომ სცენის დედოფალია, ჰოდა მეც შევქმენი სურნელი რაც მას მოუხდებოდა, სწორედ ისეთივე მხიარული და კაშკაშა პარფიუმია როგორიც ისაა.“

ვირუსული მარკეტინგი

1934 წლის ამავე სტატიაში პრინცი თავადვე საუბრობს ერთ იმ ეპოქის სკანდალზე, რაც მისი მორიგი პარფიუმის ინსპირაცია გახდა; ნიუ-იორკში ჭორი დადიოდა, რომ მაჩაბელი და კეტრინ ჰეპბერნი საყვარლები იყვნენ. „ერთ დღეს მანქანაში ვმგზავრობდი ყველა დროის საუკეთესო ვარსკვლავთან ერთად. ქალბატონმა მკითხა მის მურისათვის პირადად მე მქონდა თუ არა შექმნილი სურნელი. მე უნდა მეღიარებინა რომ ეს ჩავიდინე. მან ძალიან სწრაფად დაამუხრუჭა. “გადადი მანქანიდან!” – მიბრძანა. ალბათ მიხვდით, იეჭვიანა, არა?“ პრინცი მაჩაბელი კეტრინ ჰეპბერნს დაჰპირდა რომ მის პიროვნებას საგულდაგულოდ შეისწავლიდა და სპეციალურად მისთვის შექმნიდა ახალ სურნელს.

შედეგად 1935 წელს გაჩნდა ახალი სუნამო: დიდებული კეტრინი (Catherine the Great), ეს იმპერატორ ეკატერინასა და კეტრინ ჰეპბერნისადმი მიძღვნილი სუნამო იყო. ის ასევე იყიდებოდა ჩრდილოეთის პრინცესას სახელით. ცხადია პარფიუმის დამზადებამდე გავრცელებული ეს ნახევრად-ჭორი ამბავი მის პოპულარობაზეც აისახა. ცნობილი ადამიანების მიერ პარფიუმის რეკლამირების მეთოდით მოგვიანებით მერლინ მონროს მიერ ნათქვამმა ფრაზამ შანელ #5 უკვდავ სუნამოდ აქცია.

რეკლამა

რეკლამირების არაპირდაპირი გზა პრინცი მაჩაბლისათვის ერთგვარ გამოწვევად იქცა. ასე მაგალითად მის პარფიუმის სანელსაცხებლეს (ფლაკონი) ზემოდან არასდროს ეწერა სახელი. სახელისა და მწარმოებლის შესახებ მხოლოდ მის ძირზე წაიკითხავდით ცნობას. მყიდველისათვის სანელსაცხებლის ფორმა საკმარისი უნდა გამხდარიყო იმის მისახვედრად, რომ ნამდვილ პარფიუმთან გქონდა საქმე. სილუეტად მაჩაბლების გერბიდან აღებული გვირგვინი იყო გამოყენებული. მისი წარმოება კი კობის კომპანიაში მზადდებოდა. ეს უკანასკნელი წარმოშობით ქართველი მინის ინდუსტრიის მაგნატი გრიგოლ კობი ანუ კობახიძე იყო, რომელმაც ფული ისეთი შენობების მინით მოპირკეთებაში იშოვა, როგორიც ემპაიერ სტეიტ ბილდინგია. ამისათვის მან სპეციალური მინა გამოიგონა. თუმცა, 30-იანებში ამერიკაში არსებულმა დიდმა დეპრესიამ მის ბიზნესზეც იქონია გავლენა და პრინცი მაჩაბლის შემოთავაზებით, მცირე ზომის ბოთლაკების დამზადების შემდეგ, საახალწლო მოსართავი ფიგურების დამზადებაზე გადავიდა, რითაც კობის ბიზნესი არა თუ გადარჩა, დღესაც წარმატებულ ამერიკულ კომპანიად ითვლება საახალწლო სათამაშოების ბიზნესში.

პერსონა

პრინცი მაჩაბელი თავისი ეპოქის ელიტური საზოგადოების საინტერესო პერსონა იყო, ბევრ სახელოვნებო ექსპერიმენტშიც ღებულობდა მონაწილეობას. ასე, მაგალითად, 1930 წელს ჟორჟ სკაპინის, ფრანგ დაბრმავებულ მოქანდაკეს თავისი ბიუსტის შექმნა დაუკვეთა. ქანდაკების შესაქმნელად ოსტატს პრინცი მაჩაბლის სახე ხელებით უნდა შეესწავლა რათა მისი ბიუსტი მაქსიმალურად რეალისტური ყოფილიყო.

უცხოელი ავტორების გარდა პრინცი მაჩაბელი აქტიურად ცდილობდა ქართული კულტურის პოპულარიზაციასაც: ასე მაგალითად ზოგიერთ პროდუქტს ქართულ სახელებს აქრმევდა. მათგან ყველაზე პოპულარული იყო ტანის გელი „აბანო“. მისი წარმატების შემდეგ გამოუშვა მზისგან დამცავი კრემი „ტან-აბანო“ ეს არომატი მთელი მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის მანძილზე ამერიკის ოჯახის მთავარ სურნელად ითვლებოდა.

სტილი და გემოვნება

მაჩაბლის პარფიუმის კომპანიის პროდუქციაც ყოველთვის მოდურობისა და ხელოვნებაში გავრცელებული  ტენდენციების ანარეკლი იყო. 1935 წელს ნიუ იორკში მეხუთე ავენიუზე გახსნილი შოურუმის დიზაინერად იმ ეპოქაში დამწყები დიზაინერი და ფოტოგრაფი სესილ ბიტონი დაიქირავა (ეს უკანასკნელი, მოგვიანებით, რამდენიმე ოსკარისა და ბრიტანეთის იმპერიაში კი sir-ის წოდების მატარებელი გახდა. ის იყო უინძორების მთავარი ფოტოგრაფი და ასევე, ფილმ „ჩემი მშვენიერი ლედის“ (1965 წ.) სამხატვრო ხელმძღვანელი). სივრცეები განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა: ეს იყო ვიქტორიანული მოდერნიზმისა და რუსული პოსტმოდერნიზმის ნაზავი: ალისფერ ხალიჩაზე, მელნისფერ-შავი სავარძლები, ყვითელი, ლურჯი და შავი ჩარჩოები ნაცრისფერ კელდებზე გვირგვინის ფორმის სანათები…

ყველაფერი ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მომხმარებელი გაცოცხლებულ კანდინსკის ნახატში აბიჯებდა პრინცი მაჩაბლის პარფიუმის შესაძენად. მთელი ეს პროცესი ერთგვარ სასცენო წარმოდგენას ემსგავსებოდა, სადაც მისული დამთვალიერებელი თავს მთავარი როლის შემსრულებლად გრძნობდა. სამწუხაროდ, გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ბატონი პრინცი მაჩაბელი პნევმონიით გარდაიცვალა…

მემკვიდრეობა

მაგრამ მისმა დაარსებულმა პარფიუმის ხაზმა მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში იარსება. პრინცი მაჩაბლის გარდაცვალების შემდეგ მაჩაბლების კომპანიას რამოდენიმე მფლობელი ჰყავდა, საერთო მოგება კი 140 მილიონამდე გაიზარდა. პარფიუმისა და სხვა პროდუქტების გამოშვება მაჩაბლის სახელით 2015 წელს შეწყდა, თუმცა პრინცი მაჩაბლის დაწყებულ საქმეს ამერიკაში დღემდე ჰყავს გულშემატკივარი. არსებობს სხვადასხვა ვებგვერდები, რომელიც ამ პროდუქციასა და ამ უნიკალურ ადამიანს ეძღვნება და მის სიცოცხლეში გამოშვებული სანელსაცხებლეები კოლექციონერთა დიდ ინტერესს იწვევს. კომპანიის სამართალმემკვიდრეს, დღემდე მისდის მოთხოვნები პრინცი მაჩაბლის პროდუქციის აღდგენის თაობაზე და ვინ იცის, რას უქადის ხვალინდელი დღე მაჩაბლების პარფიუმს…

წყარო: მარკეტერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები