გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პირველი ქართველი მილიონერი, რომელმაც ამერიკას შობა „აჩუქა“

ამერიკაში წარმატებით ოპერირებს ცნობილი კომპანია “კობი გლეს პროდაქტსი”, რომელსაც ნაძვის ხის სათამაშოების წარმოების საუკუნოვანი ისტორია აქვს .

მისი შემქმნელის – მეცენატ ჯორჯ კობის სახელი იქ ბევრს გაუგონია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის წარმოშობით ქართველი იყო და სანამ ჯორჯ კობი გახდებოდა, ძალიან გრძელი და ხიფათებით აღსავსე გზა გაიარა.

ჯორჯ კობი (გიორგი კობახიძე ) – გასული საუკუნის პირველი ქართველი მულტიმილიონერი ამერიკაში, რომლის სახელთან 70-მდე გამოგონება და უნიკალური პატენტია დაკავშირებული.

მის მიერ გამოგონილი ცემენტით, ამერიკის სახელგანთქმული ცათამბჯენები აშენდა. დანერგა სიახლე, რომლის გამოყენება მთელმა მსოფლიომ დაიწყო – ელექტროსანთლები და შუშის ფერადი სათამაშოები ნაძვის მოსართავად!

მან­ვე და­ამ­ზა­და ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლის მიერ შექ­მნი­ლი თვითმფრი­ნა­ვის ზემ­ტკი­ცე მი­ნის კა­ბი­ნა, გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლის მიერ შექ­მნი­ლი პირ­ვე­ლი ამე­რი­კუ­ლი სუ­ნა­მოს ფლა­კო­ნე­ბი.

ჯორჯ კობიმ ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება, თავის წარმოებაში, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დანერგა.

შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. „Babel Lamps”, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც “ორნამენტი” უწოდა,

შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა „კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა”. რადგანაც სათამაშოები კანადაშიც გადიოდა წარწერა ფრანგულ ენაზეც კეთდებოდა.

ითვლება, რომ ის პირველი ქართველი მილიონერია აშშ-ში. მისი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა წყალგაუმტარი ბეტონის და სუპერ მყარი შუშის ბლოკი, იგი ასევე უკავშირდება ნაძვის ხის პირველი ელექტრო ნათურების გამოგონებას.

გზა რაჭის თხმორიდან ნიუ-იორკამდე

ჯორჯ კობი 1883 წელს რაჭაში, სოფელ თხმორში (ამბროლაურის რ-ნი), გლეხ დავით კობახიძის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება ოჯახში მისცეს, შემდეგ სოფლის მღვდელს მიაბარეს.

კობახიძეების სახლი სოფელ თხმორში

ინფორმაციის ათვისების განსაკუთრებული უნარი და მუსიკალური მონაცემები – კარგი ხმა და სმენა აღმოაჩნდა, მაგრამ ბავშვობიდან წინააღმდეგობრივი ნატურა იყო:

10 წლის ასაკში სახლიდან გაიპარა და უფროს ძმას ლეონტს ბორჯომში ჩააკითხა. სამწუხაროდ, ისტორიაში შემონახული არ არის ფაქტი, რა რეაქცია ჰქონდა ლეონტს, სახლში პატარა ძმა რომ მიადგა, თუმცა ცნობილია, რომ მინის ქარხანაში უფროსი მემანქანის პოზიცია ეკავა და უმართავი გრიგოლიც თავისთან დაასაქმა.

ბორჯომში 14 წლამდე დარჩა. ქარხანაში მალე გაიცნეს, როგორც განსაკუთრებულად შრომისმოყვარე და ჭკვიანი თანამშრომელი. მას შემდეგ, რაც საწარმოო ტექნოლოგიები დაწვრილებით შეისწავლა, პროდუქციის გაზრდის უნიკალური მეთოდი შეიმუშავა.

ამ ამბის შემდეგ ქარხნის გერმანელმა მმართველმა გრიგოლი ბორჯომის დიდ მთავარს მიხეილს და მის ახლო მეგობარს კონსტანტინე მუხრან-ბატონს გააცნო. ქებასთან ერთად, სოლიდური ფულადი ჯილდოც გადასცეს და ვინმე სიმონოვის დახმარებით, სამუშაოდ ჯერ თბილისში, 1902 წელს კი – ოდესის მინის ქარხანაში გაუშვეს.

იქ ქართულ სათვისტომოს და ნოვოროსის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა ასოციაციას დაუახლოვდა და მათთან ერთად რევოლუციური საქმიანობა დაიწყო. ერთ-ერთ დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. მისი ციხიდან გათავისუფლებაც, სიმონოვის სახელს უკავშირდება.

1903 წელს, სიმონოვის რჩევით, მუშაობა კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში დაიწყო. კონსტანტინოვკა საკმაოდ მასშტაბური ინდუსტრიული დაბა – მუშათა დასახლება იყო, რომელიც დომბასის სამრწეველო ცენტრს წარმოადგენდა. 20 წლის გრიგოლს იქ დამკვიდრება და მეგობრების შეძენა არ გასჭირვებია – რუსული და გერმანული ენები ბორჯომში ყოფნისას აითვისა.

1905-1907 წლებში, რევოლუციურ მოძრაობებში დომბასშიც ჩაება, რის გამოც მეფის ხელისუფლებამ ისევ დააპატიმრა. გადასახლებისგან ამჯერად ქარხნის ფრანგმა ხელმძღვანელმა – გამანმა გადაარჩინა. ცნობილია, რომ გამანს ახალგაზრდა სპეციალისტის ნიჭთან ერთად, არც მისი ფიზიკური ძალა გამოჰპარვია:

ჭიდაობის მწვრთნელი უქირავა, რომლის დამსახურებითაც მალე ფალავნად აქცია და გრიგოლს შემოსავლის ახალი წყაროც გაუჩდა: ჭიდაობის შეჯიბრებში მონაწილეობდა და სოლიდურ თანხებს იგებდა.

კონსტანტინოვსკის ქარხანაში გატარებული პერიოდი ორი მიზეზით საბედისწერო აღმოჩნდა: მომავალი მეუღლე – წარმოშობით შვედი დაშა ნოდვიკოვა გაიცნო და ვინმე ევგენი იგნატიევს დაუმეგობრდა, რომელიც მომავალში, ამერიკაში, მისი ბიზნესპარტნიორი გახდა.

ჯორჯ კობი და დაშა ნოდვიკოვა

1907 წელს, პოლონეთის გავლით მიუნხენში ჩავიდა და მინის პროდუქციის პატარა საამქრო დააარსა. წარმოებას 3 მუშის დახმარებით უძღვებოდა. გრიგოლის შრომისმოყვარეობა მალე გერმანელებმაც შენიშნეს და ცოტა ხანში ბევრი მეგობარი შეიძინა, ერთ წელიწადში საამქროსთვის აღებული ვალები გაისტუმრა და მოგებაზე გავიდა.

თუმცა, ერთ დღეს სამუშაოზე მისულს იქაურობა დამტვრეული დახვდა, კედელზე წარწერაც გაეკეთებინათ: „რუსო დათვო, შენს ბინძურ რუსეთში წაეთრიეო“. თაღლითების მაგივრად, მეგობრები ებოდიშებოდნენ და დარჩენას სთხოვდნენ, მაგრამ გრიგოლმა გერმანია მაინც დატოვა და 1908 წელს ლონდონში ჩავიდა.

ლონდონში დამკვიდრება ძალიან გაუჭირდა. ყველაფერი ისევ ნულიდან დაიწყო. მინის ქარხანაში რიგით მუშად მოეწყო. თუმცა, ქარხნის მენეჯერებს წარმოების დასაჩქარებელი მეთოდი გააცნო და ცოტა ხანში იქაც დაწინაურდა.

პარალელურად, ჭიდაობის ილეთებით ცირკის წარმოდგენებშიც მონაწილეობდა და დამატებით ფულს შოულობდა. იმ პერიოდში ინგლისელი ლორდი დაუახლოვდა, რომელიც ცირკს ხშირად სტუმრობდა და მისი დიდი თაყვანისმცემელი იყო.

გრიგოლმა ლორდის ფინანსური დახმარებით ლონდონში დაშაც ჩაიყვანა. სამწუხაროდ, მისი წარმატების ბევრ თანამშრომელს შურდა და მტრებიც ჰყავდა. ერთ დღეს, მუშამ შეურაცხყოფა მიაყენა, ამ ფაქტს ჩხუბი მოჰყვა.

ფიზიკური დაპირისპირების დროს მუშამ ხერხემალი სერიოზულად დაიზიანა. ქარხანაში სიტუაცია დაიძაბა: ინგლისელ თანამშრომლებს შურისძიება სურდათ. საქმე იოლად ვერ მოგვარდებოდა და ახლობელმა ლორდმა გრიგოლი და დაშა ამერიკაში გააპარა.

პირველი ნაბიჯები ამერიკაში

ნიუ-იორკში 1909 წლის 1 აგვისტოს, 26 წლის ასაკში მოხვდა. იმ პერიოდში ამერიკაში საკმაო რაოდენობით ქართველი ემიგრანტი ცხოვრობდა.

იქ მაშინ მრავლად იყვნენ რაჭველი მეპურეები და მათთან შეაფარა თავი. პარალელურად კი მუშაობა “ჯენერალ ელექტრიქსში” დაიწყო. გამოცდილება უკვე საკმაოდ ჰქონდა და ამიტომ, იმდენად აღარაფერი გასჭირვებია:

აქვე უნდა ითქვას – სახელიც მაშინ შეიცვალა და ჯორჯ კობი დაირქვა, თუმცაღა ქართველობისთვის არასოდეს უღალატია – მფარველობდა და ხელს უმართავდა თანამემამულეებს, ვისაც ამერიკაში ახალი ცხოვრების დაწყება ეწადა.

სხვათა შორის, ცნობილია, რომ სწორედ ჯორჯ კობიმ გაუმართა ხელი შემდგომში კარგად ცნობილ ქართველ ოქროსმაძიებელ მაიკ მიტოს და ალასკაზე ოქროს გადამმუშავებელი ქარხანა ააშენებინა.

საწერი კალმები გააუმჯობესა და მათზე პატენტიც აიღო. მერე კი, საკანცელარიო მაღაზია გახსნა და წელშიც გაიმართა -ამერიკაში ჩამოსვლიდან სულ რაღაც 10 წელიწადში, მასაჩუსეტსის შტატში მინის საწარმოო ქარხანა გამართა და შექმნა კომპანია “კობი გლეს პროდაქტს” (COBY GLASS PRODUCTS CO INC).

ჯორჯ კობის გამოგონებები

1919 წელს ჯორჯ კობიმ მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონის მახლობლად მინის ქარხანა გახსნა, რომელიც უკვე 3 წლის შემდეგ 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა, ხოლო 7 წლის თავზე კომპანიის წლიური შემოსავალი დღევანდელი კურსით, $54 მილიონს აღწევდა.

1929 წელს დაწყებულმა „დიდმა დეპრესიამ“ არაერთი მსხვილი კომპანია იმსხვერპლა და მათ შორის აღმოჩნდა კობის ბიზნესიც. ბევრი მეწარმის მსგავსად, მისმა კომპანიონმა ევგენი იგნატიევმა თავი მოიკლა. მაგრამ გრიგოლმა ჩვეული შეუპოვრობა გამოიჩინა და საქმე გააგრძელა. სახლთან ახლოს მინის ნივთების მომცრო ფაბრიკა მოაწყო და საწერი კალმებისა და სხვა საკანცელარიო ნაწარმის დამზადება დაიწყო.

1941 წელს, როცა აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობიმ მთავრობას მინის წარმოების დასაწყებად ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართა. საქმიანი ბიოგრაფიის წყალობით, კობიმ საჭირო ლიცენზია და 2 მილიონი დოლარი მიიღო. ახალი საწარმოს პროდუქციიდან, განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობდა, ახალგამოგონილი მინის ამპულები ინექციისთვის, რომელსაც მოკავშირე ქვეყნებსაც აწვდიდნენ.

კობის ყველაზე დიდ ორ გამოგონებად მიიჩნეოდა წყალგამძლე ბეტონი, რომელიც ტენიანი კლიმატის პირობებში ეროზიის პროცესს ეწინააღმდეგებოდა და აგურის შემადგენლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად შექმნილი ზეგამძლე მინა-ბლოკი.

ამ გამოგონებებმა მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია ამერიკის სამშენებლო ინდუსტრიას, კონკრეტულად, 1930-იანი წლების დასაწყისში ნიუ იორკის ცათამბჯენის Chrysler Building-ის აგებისას იქნა გამოყენებული. ქართველ ქიმიკოსსა და ბიზნესმენს თურმე „ამერიკული ქიმიური მრეწველობის მეფეს“ ეძახდნენ და იმ დროს ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი კაცი გახლდათ.

გარდა ამისა, წარმატებულმა ქიმიკოსმა შეიამხანაგა ცნობილი ქართველი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი და დიპლომატი გიორგი მაჩაბელი, რომელმაც ამერიკაში პარფიუმერიის წარმოებას მიჰყო ხელი და სახელიც გაითქვა. მისი სუნამოებისთვის ჭურჭელს ჯორჯ კობის ფირმა ამზადებდა და, როგორც გიორგი მაჩაბელი შემდგომში აღნიშნავდა, მისი პროდუქციის წარმატების მთავარი მიზეზი ეს იყო.

პრინც მაჩაბელის სუნამოები

20 წლის შემდეგ ისევ სამშობლოში

დღეს ძნელი სათქმელია, როგორ ან რის გამო დართო კომუნისტურმა რეჟიმმა ამერიკაში ცნობილ ქიმიკოსს საქართველოს მონახულების ნება, მაგრამ ფაქტია, რომ ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე 1925 წელს, ოც წელზე მეტი ხნის განშორების შემდეგ, პირველად ჩამოვიდა საქართველოში.

მოინახულა ყველა, ვისთანაც თავისი ბობოქარი ცხოვრება აკავშირებდა და კარგადაც დაასაჩუქრა ისინი. დედას, რომელიც ისევ ცოცხალი დახვდა, 10 ათასი მანეთის ღირებულების საჩუქრები ჩაუტანა.

დაასაჩუქრა ასევე ის მეპურეებიც, რომლებმაც ქუთაისში ოდესღაც შეიფარეს. იმ აბრაგსაც კი ეძებდა, ვინც 10 ოქროს მანეთიანი აჩუქა, მაგრამ ვერსად მიაგნო -1924 წლის ცნობილ აჯანყებას შესწიროდა.

„აქ ახლა ბოლშევიკები არიან… დაგვაშინეს ყველანი და თავად კი ისე ლაღად დადიან, გაგიკვირდება”, – ეუბნებოდა გიგას უფროსი ძმა ლეონტი, რომელმაც ამერიკაში წამოსვლაზე უარი განაცხადა – ბოლშევიკები ამას არ მაპატიებენო.

ჯორჯ კობი მეორე სამშობლოში მარტო დაბრუნდა. 3 წლის შემდეგ კვლავაც ჩამოვიდა და საკუთარ სოფელში ეკლესია და მღვდლის სახლი გააახლა.

გაუკვირდა, როცა ზოგიერთმა სოფლელმა იცნო და არც კი მისალმებია; მისი ძმებიც როგორღაც მორიდებულად ელაპარაკებოდნენ. ჩამოსვლის დღესვე ორმა ტყავის ქურთუკიანმა ახალგაზრდამ მოინახულა და უაზროდ ელაპარაკა კაპიტალიზმის მავნებლობაზე.

მათ გიგამ მოთმინებით მოუსმინა და პასუხის ღირსად არ ჩათვალა. მეორე დღეს, ლეონტის შვილმა, მიშამ თბილისიდან ამბავი ჩამოუტანა – ბოლშევიკებს შენი დაპატიმრება სურთო და გიგაც იძულებული გახდა, სამშობლო სამუდამოდ დაეტოვებინა.

ჯორჯ კობი ოჯახის წევრებთან ერთად

დიდი დეპრესია და კობის გამოსავალი

“დიდი დეპრესიის” ხანა -გასული საუკუნის 30-იანი წლები ჯორჯ კობისათვის ტრაგიკული აღმოჩნდა: 1932 წელს თავი მოიკლა მისმა კომპანიონმა ევგენი იგნატიევმა, ხოლო მეორე კომპანიონი – ამერიკაში “პრინცის” სახელით ცნობილი გიორგი მაჩაბელი 1935 წელს საბჭოთა აგენტებმა მოკლეს.

“კობი გლეს პროდაქტსმა” მცირე ხნით დაღმასვლა იწყო, მაგრამ II მსოფლიო ომის დროს, ხელისუფლებისაგან სამხედრო პროდუქციაზე მიიღო შეკვეთა და ჯორჯ კობი, ისევ უმდიდრეს ადამიანად იქცა.

1939 წელს, საკუთარი ხარჯით, ჩინეთიდან ამერიკაში ჩაიყვანა, ცნობილი ფარმაცევტი ნიკო ჯიშკარიანი და ლაბორატორია მოუწყო. ერთი სიტყვით, ბევრი რამ გააკეთა, რათა ირგვლივ მყოფთათვის სიხარული მიენიჭებინა.

სამწუხაროდ, გრიგოლ კობახიძეს შვილი არ ჰყოლია. სურდა, მისი საქმის გასაგრძელებლად, ამერიკაში ნათესავები წაეყვანა, მაგრამ საბჭოთა რეჟიმის პირობებში ეს შეუძლებელი გახლდათ.

ბოლოს კომპანიონებად, იტალიური წარმოშობის ძმები პაგლიები მიიღო, რომლებმაც საწარმოს სახელიც შეუნარჩუნეს და 1967 წელს კობის გარდაცვალების შემდეგ, მისი საქმეც გააგრძელეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები